ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ჟურნალი ნომერი 4 ∘
ირმა ტყემალაძე ∘
ქოვორქინგი, როგორც მუშაობის ახალი დიზაინი დასაქმების ხელშეწყობისათვის Doi: 10.36172/EKONOMISTI.2021.XVII.04.Irma.Tkemaladze ანოტაცია ნაშრომში გაანალიზებულია გაციფრულების დაჩქარებული პროცესისგან გამოწვეული ბიზნეს-მოდელების ცვლილება და ამ ცვლილებების გავლენა შრომის ბაზარზე. შესწავლილია ადამიანის სამუშაოსადმი დამოკიდებულების ევოლუცია მისი გეოგრაფიული და დროითი ასპექტის მიხედვით. დასაბუთებულია ეროვნული შრომის ბაზრის ფუნქციონირებისას განვითარებული ქვეყნების შრომის სფეროში მიმდინარე პროცესების გათვალისწინების აუცილებლობა. ყურადღება გამახვილებულია შრომის ორგანიზაციის ახალ მიმართულებაზე, დასაქმების მოქნილი ფორმების კულტურულ საფუძველზე - ქოვორქინგზე, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლის სამომავლოდ შრომისა და დასაქმების პოლიტიკას მსოფლიოსა და საქართველოში. აღნიშნული საკითხები გამოკვლეულია ადგილობრივი და უცხოელი მეცნიერების ნაშრომების, საერთაშორისო ორგანიზაციების მიმოხილვებისა და ანგარიშების შესწავლის, სხვადასხვა სტატისტიკური მასალის გაანალიზების საფუძველზე. საკვანძო სიტყვები: შრომის ბაზარი, დისტანციური დასაქმება, ქოვორქინგი, ერთობლივი გამოყენების კონცეფცია, ფრილანსერი. შესავალი დაჩქარებული გაციფრულების პროცესი, კოვიდ-პანდემიისგან წარმოქმნილი გაურკვევლობები, შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა, გვაფიქრებს იმ საკითხზე როგორ შეიცვლება უახლოეს მომავალში სამუშაოს ხასიათი, ადამიანთა დასაქმებისა და შრომის ორგანიზაციის ფორმები, სამუშაო რეჟიმები და საერთოდ, სიტყვა „სამსახურს“ რა დატვირთვა ექნება. გარკვეულ პერიოდამდე ეს უკანასკნელი განასახიერებდა სოციალურ წესრიგს, რომელიც მკაფიოდ ყოფდა სამუშაო დროს და თავისუფალ დროს, დასაქმების ადგილსა და პირად სივრცეს. მაგრამ საზოგადოების და ტექნოლოგიების განვითარებათან ერთად, ზემოთაღნიშნული ზღვარი თანდათან წაიშალა. გლობალურმა პანდემიამ კი ყველა, მათ შორის ამ მიმართულებითაც დააჩქარა ცვლილებების პროცესი. თავის მხრივ, ინტერნეტ-კომუნიკაციების ახალმა რესურსებმა უზრუნველყვეს ვირტუალურ გარემოზე მუდმივი და მასშტაბური წვდომა, შესაბამისად, დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ფუნქციების დისტანციურად შესრულების შესაძლებლობაც გაფართოვდა. აღნიშნული ვირტუალური სივრცე, ერთობლივი გამოყენების კონცეფციის წყალობით, ახალ ბიზნეს-მოდელებს წარმოქმნის, რომლებიც არ საჭიროებს ძვირადღირებული და ტექნიკურად რთული საქონლის ან მომსახურების შესყიდვას. რაც შეეხება ერთობლივი გამოყენების კონფეფციას, იგი გულისხმობს, რომ მომხმარებელი საქონლის მესაკუთრე არ ხდება, საკუთრების უფლება რჩება მწარმოებელთან ან შუამავალთან, რომლებიც ორგანიზებას უკეთებენ საქონლის ან მომსახურების ერთობლივ გამოყენებას. ზუსტად ამ პრინციპზეა აგებული დღეს უკვე წარმატებული ისეთი კომპანიების საქმიანობა, როგორიცაა Airbnb, Uber, RelayRides, ZipCar. ასეთმა მიდგომამ შეიძლება რევოლუცია მოახდინოს ღირებულების შექმნის საბაზო ჯაჭვში, რამდენადაც შლის ზღვარს მწარმოებელის, მომხმარებელის, შუამავლის როლებს შორის. ამავე დროს მათი - მწარმოებლის, მიმწოდებლის, შუამავლის ფუნქციები მუდმივად იცვლება, ხოლო ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეების ურთიერთქმედების სტრუქტურა რთულდება. ვირტუალური "ღრუბლის" პრინციპის თანახმად, ვირტუალური სივრცე განიხილება, როგორც მონაცემთა შენახვისა და პრეზენტაციის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ინფორმაციის ხელმისაწვდომობას მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და მის გაზიარებას სხვა ვირტუალურ საქონელთან ერთად [Boes et al., 2014]. აღნიშნული ცვლილებები აისახა შრომის ბაზარზეც, გაჩნდა დასაქმების ახალი, არასტანდარტული ფორმები, აქტუალური გახდა დისტანციური მუშაობა, ფრილანსერობა, ციფრული მომთაბარეობა, რამაც შრომის ორგანიზაციის პროცესის გარდაქმნაც გამოიწვია და რის შედეგადაც შეიძლება მივიჩნიოთ ქოვორქინგის, როგორც მოქნილი თვითდასაქმების მოდელის წარმოშობა. უკანასკნელი ასევე შეიძლება ჩავთვალოთ საწარმოო მენტალიტეტის მატრიცად ინდივიდუალიზებულ ვირტუალურ საზოგადოებაში, რომელიც ემსახურება ცალკეული შემოქმედებითი პიროვნებების ინტეგრაციას სტანდარტული დასაქმების კონტექსტისგან განსხვავებულ სამუშაო გაერთიანებებში (Krause, 2019). მიუხედავად იმისა, რომ ამ სივრცეში ადამიანები მუშაობენ დამოუკიდებლად, მათ აერთიანებთ საერთო ინტერესები, ღირებულებები და ერთობლივი თანამშრომლობით სინერგიულ ეფექტს ქმნიან, რაც საერთო შრომის მწარმოებლურობის ზრდის განმაპირობებელია. * * * * * * ქოვორქინგის კონცეფცია 2005 წელს შეიქმნა, როდესაც "მესამე სივრცის ოფისები" დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის დიდ ქალაქებში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად გაჩნდა. ტერმინი „ქოვორქინგი“ გამოიყენა პროგრამისტმა ბრედ ნოიბერგმა (Brad Neuberg) გახსნა რა სან-ფრანცისკოში ალტერნატიული ოფის-ცენტრი არაკომერციული თანამშრომლობისათვის (Botsman & Rogers, 2010; Hunt, 2009). მის სეგმენტს წარმოადგენდა ციფრული და ვირტუალური ეკონომიკის მიზანდასახული, შემოქმედებითი პროფესიონალები და სპეციალისტები. ზოგადად, იდეის წარმოქმნა მე-19 საუკუნის ვენის ყავის სახლების კულტურას უკავშირდება. ეს გენეალოგია პოზიტიურ იმიჯს ანიჭებს "მესამე სამუშაო სივრცეს". ქოვორქინგის ცენტრებს უფრო ხშირად უწოდებენ „მესამე სივრცეს“ [Bouncken, Reuschel, 2018], რომელიც განთავებულია დამსაქმებლის მიერ გათვალისწინებულ კლასიკურ ოფისსა და საშინაო ოფისის უკიდურესობებს შორის. თუმცა იგი უფრო მეტია ვიდრე „მესამე სივრცე“, რადგან აერთიანებს მთელ რიგ ბიზნეს-კონცეფციებს და განსაკუთრებულ კულტურას, რომელიც მიმართულია მოქნილი, ენერგიული, დამოუკიდებელი და შემოქმედებითი მუშაკების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ (Hunt, 2009). ქოვორქინგის კონცეფციის გაჩენას წინ უძღოდა ფრილანსერობის განვითარება. თვით ფრილანსერობის იდეის გააზრება მოცემულია მოტივაციის თანამედროვე თეორიის ავტორის დენიელ პინკის (Pink, 2002) 1997 წელს გამოქვეყნებული ნაშრომში „თავისუფალი აგენტების ქვეყანა“ („Free Agent Nation“). ავტორის მოსაზრებით, დასაქმების ასეთი ფორმა ახალ შესაძლებლოებს აძლევს არა მხოლოდ ამ ქვეყნის მაცხოვრებლებს, არამედ იმათაც, ვინც ამ საჭიროებიდან გამომდინარე შეძლებს დროულად გააკეთოს ბიზნესი, მაგალითად, შექმნას მიკროოფისების ფართო ქსელი ან იურიდიული დახმარების სამსახურები. უშუალოდ ქოვორქინგის მკვლევართა შორის კი შეიძლება დავასახელოთ დრიუ ჯონსი (Jones, 2009, 2020), ტოდ სანდსტედი (Sundsted,2009), ტონი ბაჩიგალუპო (Bacigalupo,2009), კლეი სპინუზი (Clay Spinuzzi, 2012). პროფესორი პენი გურშტეინი (Gurstein, 2001) დისტანცური მუშაობის გავრცელების პარალელურად ხაზს უსვამდა, შინ მუშაობის პირობებში ინდივიდის საზოგადოებისგან იზოლაციის გამწვავების საკითხს, ასევე შრომა-პირად ცხოვრებას შორის დისბალანსს და მიუთითებს დისტანცური დასაქმების ორგანიზების სხვა ფორმის არსებობის აუცილებლობაზე, რისი გადაწყვეტაც ფაქტობრივად ქოვორქინგის კონცეფციის საშუალებით მოხდა. უნდა აღინიშნოს, რომ ქოვორქინგს იყენებენ არა მხოლოდ ფრილანსერები, არამედ ფორმალური კომპანიის თანამშრომლები, რომლებიც გაბნეულები არიან სხვადასხვა ქალაქებსა თუ ქვეყნებში, მაგალითად Google, Yandex, ასევე მცირე კომპანიები და დამწყები მეწარმეები, რომლებისთვისაც ცალკე ოფისის დაქირავება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული. ქოვორქინგის ინსტიტუციონალიზაციის საკითხები განხილულია ანილ გუპთას ნაშრომებში (Gupta, 2008), მან ხანგრძლივვადიანი კვლევების საფუძველზე გამოავლინა ფარული ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ ქოვორქინგის ინსტიტუციონალიზაციაზე. ქოვორქინგის წარმოქმნა დაკავშირებულია სხვადასხვა მიზეზთან, ესენია:
ქოვორგინგს შეუძლია სტრუქტურულად სუსტი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება ერთობლივი საქმიანობის სივრცის შექმნით. იგი ეხმარება „საშინაო ოფისებში“ იზოლირებულ მუშაკებს პროფესიულ გაერთიანებებში და ადგილობრივ ქსელებში ინტეგრაციის გზით. ყოველდღიური ან ყოველკვირეული სამსახური-სახლამდე და პირიქით მგზავრობების პრობლემის საკითხი გადაჭრილია დამსაქმებლისგან დასაქმებულისათვის კონკრეტულ სამუშაო ადგილზე მიმაგრების ვალდებულებების მოხსნით. ქოვორქინგ-სივრცეებში არსებული ორგანიზებული სამუშაო გარემო ხელს უწყობს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ამოცანების მაღალ დონეზე შესრულებას, დამსაქმებლისათვის მცირდება ოფისის შენახვისა და დაქირავების ხარჯი, როგორც დამსაქმებლისთვის, ისე დასაქმებულისთვის მცირდება საოფისე ტექნიკის შეძენის ხარჯი, საკონფერენციო ოთახების არსებობა საქმიანი შეხვედრების მოწყობის საშუალებას იძლევა, სხვა ქვეყანაში მოხვედრის დროს მარტივია იპოვნო მყუდრო სამუშაო გარემო, ხშირია ახალი საქმიანი ურთიერთობების წარმოშობა და შესაბამისად ახალი იდეების გაჩენის ფაქტები. თუმცა, მას გააჩნია უარყოფითი მხარეები, მაგალითად, დაბალანაზღაურებადი დასაქმებულებისათვის ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, სხვადასხვა ადამიანების გარემოცვაში მუშაობის სირთულე და სხვ. ქოვორქინგის ზრდად ტენდენციაზე და განვითარების დაჩქარებაზე მიგვითითებს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც ქოვორქინგ-სივრცეების რაოდენობა 2010-2020 წლებში 600-დან 26300-მდე გაიზარდა (https://www.statista.com). ვარაუდობენ, რომ 2024 წლისათვის მათი რიცხვი 40 ათასს გადააჭარბებს. მიმდინარე წელს, კოვიდ 19-ის პანდემიისგან გამოწვეული ლოკდაუნების გამო, ზრდის შენელებული ტემპია მოსალოდნელი, წლის ბოლოსკენ ვარაუდობენ დაჩქარებას, ამასთან ყოველწლიური ზრდა 21,3% იქნება (Global Coworking Growth Study 2020). ქოვორქინგ სივრცეებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა ასევე მუდმივად მატულობს, 2018 წელს მათი საერთო რიცხვი 1,65 მლნ აღწევდა, ამჟამად კი - 2, 5 მილიონამდეა. ამერიკის შეერთებული შტატები არის ყველაზე მსხვილი ბაზარი 3700-ზე მეტი სამუშაო ადგილით, მას მოსდევს ინდოეთი 2197 სამუშაო ადგილით და დიდი ბრიტანეთი 1044 სამუშაო ადგილით. რაც შეეხება წლიურ ზრდას 2020 წელს მაღალი ტემპია გერმანიასა და ინდოეთში, შემდეგ აშშ და კანადაში (Global Coworking Growth Study 2020). დიაგრამა 1. ქოვორქინგ-სივრცეების რაოდენობა მსოფლიოში, 2010-2020 წლებში
წყარო: https://www.deskmag.com და https://www.statista.com მონაცემების საფუძველზე შედგენილია ავტორის მიერ მსგავსი სივრცეების ყველაზე მეტი რაოდენობა ამერიკის კონტინენტზეა განთავსებული, კერძოდ, ჩრდილოეთ ამერიკაში 4700-მდე, სამხრეთ ამერიკაში - 1235, აზია - 5889, ევროპა - 5858, აფრიკა- 912, ავსტრალია - 660. კონკრეტულად ქვეყნების მიხედვით კი პირველი ადგილი აშშ უჭირავს, შემდეგ ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ. (იხ. ცხრილი 1). ცხრილი 1. ტოპ 15 ქვეყანა და ქალაქი ქოვორქინგ-სივრცეების რაოდენობის მიხედვით, 2020 წელი
წყარო: https://www.coworkingresources.org, https://www.coworker.com/ მონაცემების საფუძველზე შედგენილია ავტორის მიერ
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, თურქეთში ასეთი 121 ცენტრია, აზერბაიჯანში -12, სომხეთში -21, რუსეთში - 135, უკრაიანაში -105 (https://www.coworker.com). საქართველოში იძებნება 18 ქოვორქინგ-სივრცე: Terminal (ხუთი ფილიალით), Regus (ორი ფილიალი), Makers, KD4US, Impact Hub Tbilisi, Space Z, Tech Park Georgia, Publica, Gate და სხვა (https://www.coworker.com). ყველა მათგანი დისტანციური მუშაობის პირობებში დასაქმებულებს, ასევე სტუდენტებს სთავაზობს მუშაობისა და სწავლისათვის კომფორტულ გარემოს. სამუშაო ადგილები დაყოფილია ოპტიმალური ზომის ქვესივრცეებად, დასაქმებულთა განკარგულებაშია საკონფერენციო ოთახები, სამზარეულო, სათამაშო ოთახი. გარდა ამ პირობების შექმნისა, დამაარსებლები პროექტში მონაწილეებს ეხმარებიან სტარტაპ იდეების განხორციელებაში, აკავშირებენ ინვესტორებთან, ეხმარებიან საინტერესო პროექტების მოძიებაში, ტრენინგებზე, ვორქშოფებზე, მასტერკლასებზე დასასწრებად. საქართველოში ქოვორქინგის ინდუსტრიის შემოტანა დაკავშირებულია სტარტაპ „ტერმინალთან“, რომელიც საკმაოდ სწრაფად განვითარდა ქართულ ბაზარზე, ხუთი წლის განმავლობაში შეძლო 5 ფილიალის გახსნა და დღეს ცენტრალურ აზიაში ყველაზე დიდი საერთო სამუშაო სივრცეა. იგი მომხმარებელს საერთო სამუშაო სივრცესთან ერთად, ინდივიდუალურ ოფისებს და საკონფერენციო ოთახებს, შესვენებისათვის განკუთვნილ ზონებს სთავაზობს. Global Startup Awards-ის ჯილდოს ორგანიზატორმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საუკეთესო ქოვორქინგ სივრცეების ნომინაციაში 5 ფინალისტი წარადგინა: Creative Quarter უკრაინიდან, tceh რუსეთიდან, Generator HUB და iHUB მოლდოვიდან და საქართველოდან „ტერმინალი“. პანდემიის დასაწყისი ქოვორქინგ-ცენტრების საქმიანობის შენელებით ხასიათდებოდა, თუმცა ადაპტაციური პერიოდის გავლის შემდეგ მათი ფუნქციონირება მუშაობის ჩვეულებრივ რიტმს უბრუნდება საქართველოშიც. უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ ქვეყანაში ქოვორქინგს ეკონომიკური განვითარების ინსტრუმენტად თვლიან და სახელმწიფო დონეზე ხდება მათთვის ხელშეწყობა. მაგალითად, ისრაელის სიდიდით მეორე ქალაქის, თელ-ავივის მუნიციპალიტეტი აფინანსებს ორ ქოვორქინგ-სივრცეს The Library და the Social Lab-ს (http:// www.thelibrary.co.il). ერთი რამ ცხადია, რომ იგი დასაქმების არასტანდარტული ფორმების გავრცელების და განსაკუთრებით პანდემიის პირობებში შინ მუშაობის აუცილებლობის პირობებში, ქოვორქინგ-ცენტრების არსებობა ბევრი დასაქმებულისთვის პრობლემის გადაწყვეტის საშუალებად იქცა. ამავე დროს, სტატისტიკურ და არსებულ თეორიულ მასალაზე დაყრდნობით, გამოიკვეთა ქოვორქინგის გავრცელების ტემპს, მოქნილი დასაქმების ფორმებსა და ტურიზმის განვითარებას შორის გარკვეული კავშირები. კერძოდ, ტურისტულად განვითარებულ ქვეყნებში/ქალაქებში ქოვორქინგ-ცენტრების რაოდენობა დიდია, აქვს ზრდის ტენდენცია და პირიქით. ასევე, დისტანციური მუშაობის, ფრილანსერობის გავრცელება და ზრდა პირდაპირ უკავშირდება ქოვორქინგის გაქტიურებას ცალკეულ ქვეყნებში. რაც სამომავლოდ ამ ინდუსტრიის ზრდის პროგნოზირებას საშუალებას იძლევა. დასკვნები და რეკომენდაციები ვირტუალური საწარმოო კონტექსტი დასაქმებულისგან ითხოვს მაღალ კვალიფიკაციას და მობილობას, ტექნოლოგიურ ცოდნას, პროექტების მართვის უნარებს, კულტურათაშორისი კომუნიკაციის ორგანიზაციას და სტიმულირებას. მეორე მხრივ, იგი უფრო მეტ თავისუფლებას აძლევს ინდივიდებს სამუშაო დროის და ადგილის არჩევაში. დასაქმებულების გადაწყვეტილებათა ალტერნატივებს იმუშაონ შინ თუ ოფისში, დაემატა მესამე - ქოვორქინგ-სივრცე. მის ეფექტიან ფუქნციონირებაზე მიუთითებს, როგორც ასეთი სივრცეების რაოდენობის, ისე მასში დასაქმებულთა რიცხვის მუდმივი მატება. გამომდინარე იქედან, რომ იგი დასაქმების მოქნილი ფორმების წარმოქმნის შედეგია, ამ უკანასკნელის ფართო გავრცელების გამო, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქოვორგინგიც გააგრძელებს განვითარებას. ამავე დროს ნათელია, რომ ბაზარზე ყოველთვის იქნება კომპანიები მართვის კონსერვატორული მეთოდით, რომლებიც უპირატესობას ანიჭენებენ საოფისე სივრცეებს და სტაციონარულ სამუშაო ადგილებს. ასეთ პირობებში ორგანიზაციების მფლობელების ან მმართველების მხრიდან მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ცვლილებებზე დაკვირვება და რეაგირება, რათა მიზნობრივი აუდიტორიისთვის შესაბამისი მომსახურების შეთავაზების გზით შეძლონ ბაზარზე წარმატებული პოზიციონირება, პარალელურად დასაქმებულთა ინტერესების გათვალისწინებით, მათი შრომის მწარმოებლურობის მუდმივი ზრდა და კადრების დენადობის შემცირება. პანდემიის პირობებში პატარა ქვეყნის სტატუსი კონკურენტულ უპირატესობად შეიძლება იქნეს გამოყენებული იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა მოახერხებს პანდემიური პროცესის დარეგულირებას. მწვანე ზონად მონიშვნის შემთხვევაში ქვეყნის მიმართ გაიზრდება ცალკეული კომპანიების თუ ფრილანსერების დაინტერესება, რაც ქოვორქინგ ინდუსტრიის წახალისებას, ტურიზმის ინდუსტრიის გამოცოცხლებას და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ლიტერატურის მიმოხილვა:
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||